,,რიჟა" კი არა,  ოქრო!

ავთანდილ ჩოგოვაძე – 70

თანამედროვე სპორტში თითქმის წარმოუდგენელია, რომ სპორტსმენმა კარიერა 25 წლის ასაკში დაიწყოს და პროფესიონალურ დონეზე რაიმე წარმატებას მიაღწიოს. არადა, წლების წინ,როცა  ქალაქ ქუთაისში რაგბი ფეხს იდგამდა, ასეთი რამ  ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ქუთაისური რაგბის ფუძემდებლები გოგი ყუფარაძე და შაკო ქურციკიძე სპორტსმენებს კარდაკარ ეძებდნენ და რაგბის კლუბს აყალიბებდნენ. მათ მიერ ჩაყრილ საფუძველზე კი მოგვიანებით ისეთი გუნდი ,,აღმოცენდა“, რომელიც  წლების მანძილზე საბჭოთა კავშირში უმაღლეს პოზიციებს არ თმობდა...

სწორედ ასე,შემთხვევით,  25 წლის ასაკში დაიწყო რაგბის თამაში ჩვენმა დღევანდელმა რესპოდენტმა ავთანდილ ჩოგოვაძემ, რომელიც მალევე ქუთაისური გუნდის შეუცვლელ მოთამაშედ იქცა და ,,აიას“ (იმდროინდელი ,,სალხმშენი“) წარმატებებში დიდი წვლილი შეიტანა. გუნდთან ერთან მან ჯერ სსრკს უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა, შემდეგ  კი სსრკ–ს ვერცხლის მედალოსანი გახდა.  ბატონ ავთანდილს 5 სექტემბერს 70 წელი უსრულდება, ვულოცავთ მას 70 წლის იუბილეს , ქვემოთ კი გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

25 წლის ვიყავი, რაგბის თამაში რომ დავიწყე. მანამდეც სპორტით ვიყავი დაკავებული, კარგად ვთამაშობდი კალათბურთს და ფეხბურთს. ერთხელაც, ღვაწლმოსილმა მწვრთნელმა, ქუთაისური რაგბის მამამ შაკო ქურციკიძემ ავტოქარხნის დარბაზში ვარიშისას შემამჩნია და რაგბში გადასვლა შემომთავაზა. ვარჯიშზე მივედი, წესებს გავეცანი, ყველაფერი იოლად ავითვისე და მალევე ქუთაისური გუნდის ძირითად შემადგენლობაში დავიმკვიდრე ადგილი.მას შემდეგ,  სათადარიგოთა სკამზე არასდროს არ დავმჯდარვარ.

–რომელ პოზიციაზე თამაშობდით?

თავდაპირველად უკანა ხაზში, ფლანგზე ვთამაშობდი, შემდეგ 15 ნომრად, ფულბეკის პოზიციაზე, ბოლოს კი 10 ნომრად(მგეზავი). 75 კილო ვიყავი და შერკინების გარდა თითქმის ყველა პოზიციაზე ვთამაშობდი, კარიერის უმეტესი ნაწილი 15 ნომრის პოზიციაზე ვიასპარეზე.

 –დღეს–დღეობით წარმოუდგენელია, მორაგბემ 25 წლის ასაკში დაიწყოს კარიერა და წარმატებებს მიაღწიოს, თქვენ, როგორ მოახერხეთ ასეთ მცირე დროში ქუთაისური გუნდის ერთ–ერთ ლიდერად ჩამოყალიბება?

 –როგორც აღვნიშნე, ჩემი ცხოვრება თავიდანვე სპორტთან იყო დაკავშირებული. ფეხბურთში დავდიოდი და საკმაოდ კარგადაც ვთამაშობდი, მაგრამ,  ცხოვრებისეული სირთულეების გამო ფეხბურთს თავი დავანებე, დედ–მამა გარდამეცვალა, საშუალებაც არ მქონდა. ავტოქარხანაში ვმუშაობდი და პარალელურად დარბაზში კალათბურთს ვთამაშობდი. შაკო ქურციკიძემ სწორედ კალათბურთის თამაშის დროს შემამჩნია და შემომთავაზა მათთან გადასვლა. თუ არ ვცდები 1973 წელი იყო და მას შემდეგ ჩემი ცხოვრება რაგბს  უკავშირდება.  

–როგორ განვითარდა თქვენი სარაგბო კარიერა?

თავდაპირველად, მხოლოდ საქართველოს პირველობაზე ვთამაშობდით, ქუთაისური რაგბის აღმასვლა 1975 წლიდან დაიწყო, როცა გუნდის პატრონობა საკუთარ თავზე სახლმშენებელმა კომბინატმა აიღო 1975 წელს პირველად ვითამაშეთ საკავშირო ტურნირზე ფეოდოსიაში და პირველი ადგილი დავიკავეთ. შემდეგ იყო სსკრს პირველი ლიგა, სადაც პირველი ლელო მე დავამიწე, ასევე, ქუთაისელთა პირველი ლელოს ავტორი ვარ საკავშირო პირველობის უმაღლეს ლიგაში. გუნდთან ერთად არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩავატარე, დაუღალავი შრომის, მონდომებისა და დიდი შემართების ხარჯზე ვაღწევდით წარმატებებს. 1978 წელს სსრკს უმაღლესი ლიგის საგზური მოვიპოვეთ. 1984 წელს კი ,,სახლმშენთან“  ერთად სსრკს უმაღლესი ლიგის ვერცხლის პრიზიორი გავხდი. ერთ–ერთ წიგნში ოქროს მედალოსნებშიც ვარ აღნიშნული, მაგრამ საბჭოთა კავშირის  ჩემპიონი არ გავმხდარვარ, იმ დროს  უკვე ,,სახლმშენში“ აღარ ვთამაშობდი.

 –რა გახდა ,,სახლმშენიდან“ წასვლის მიზეზი?

გუნდიდან ოჯახური მდგომარეობის გამო წამოვედი, ასე ვთქვათ, მთლიანად ცოლ–შვილზე გადავერთვე, შემდეგ თამაში ქუთაისის ,,გელათში“ გავაგრძელე, რომელსაც მოგვიანებით ,,ბაგრატი“ დაერქვა.  გუნდი გადავიყვანეთ საქართველოს უმაღლეს ლიგაში. ,,ბაგრატში“ თითქმის  40 წლის ასაკამდე ვთამაშობდი, ,,ბაბუს“ მეძახდნენ.

–კარიერაში არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი გქონიათ, ყველაზე მეტად რა ეპიზოდი გახსენდებათ?

–სსრკს– უმაღლეს ლიგაში რომ გადავედით. ენით აღუწერელი სიხარული იყო. ასევე  მოსკოვის ,,ფილასთან“ თამაშს გავიხსენებდი,  ბოლო წუთები მიმდინარეობდა,  თამაშს ვაგებდით,  ოლეგ ლიპარტელიანმა მოედნის შუაში მოლიდან გამოიტანა ბურთი და შესანისნავი პასი მომცა,, მეც ბევრი არ მიფიქრია, ცენტრიდან კარში დავარტყი , არეკნი გავიტანე და შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით დასრულდა.. წითური თმების გამო ზედმეტსახელად  ,,რიჟას" მეახდნენ, მახსოვს, მატჩის დასრულების შემდეგ  მსაჯმა ჩვენს მწვრთნელს,  შაკო ქურციკიძეს  უთხრა – ,,ეს რიჟა კი არა, ოქრო ყოფილაო“ კარიერაში ორჯერ მაქვს ცენტრიდან არეკნი გატანილი. სხვა ბევრ თამაშსაც გავიხსენებდი, მარცხს არ ვეგუებოდით და ბოლომდე ვიბრძოდით,  ხშირად გადამწყვეტ მომენტში  15 ნომრის პოზიციიდან ფლანგზე შევიპარებოდი, დუგლას კავთელაშვილი ბურთს  გადმომიკიდებდა, დავიჭერდი, შევირბენდი და სანამ რუსები გონზე მოვიდოდნენ პირდაპირ  ძელებს შორის  ვამიწებდი.

-იმდროინდელ ,,აიაში“ არაერთი ლეგენდარული მორაგბე თამაშობდა მათგან ვისთან უფრო გიადვილდებოდათ ასპარეზობა?

 ძალიან რთულია ვინმეს გამორჩევა, ყველა მორაგბეს უდიდესი ღვაწლი აქვს შეტანილი ქუთაისური გუნდის წარმატებებში, მაგრამ მაინც უნდა გამოვყო დუგლას კავთელაშვილი, ბესო ლილუაშვილი, თენგიზ ტურძელაძე, ნუგზარ ძაგნიძე, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა გუნდში მოვიდა, ტარიელ მარგველაშვილი, ალიკა გრიგალავა, საშა ნაჭყებია, ბუთხუზ გაბუნია, ბართლომე ხამაშურიძე... ბედნიერება იყო მათ გვერდით თამაში.

 

ამჟამად რაგბის სფეროში თუ საქმიანობთ?

 თბილისში ვმუშაობ, თამაშებზე დავდივარ და ვგულშემატკივრობ. როგორც ვეტერან მორაგბეს მცნობენ და ყურადღებას არ მაკლებენ, რისთვისაც ყველას მადლობას ვუხდი.

 –ხშირად რაგბის სიყვარული თაობიდან თაობას გადაედება ხოლმე, თქვენი ოჯახიდან თუ აგრძელებს ვინმე სარაგბო ტრადიციებს?

12 წლის  შვილიშვილი მყავს, ამას წინათ ქუთაისელ მწვრთნელ დიმა ფულარიასთან მივიყვანე და რომ ნახა, მითხა ისეთი მონაცემები აქვს აუცილებლად უნდა შემოიყვანო რაგბზეო . მე 25 წლის ვიყავი რაგბის თამაში რომ დავიწყე და  სსრკს მასტაბით საკმაოდ კარგად ვითამაშე, ჩემი შვილიშვილი 12 წლის ასაკში ეზიარება რაგბს და იმედი მაქვს, რომ გაცილებით დიდ წარმატებებს მიაღწევს.

განახლდა სამშაბათი, 04 სექტემბერი 2018 23:56
Share this article

ავტორის შესახებ

დავით კოხრეიძე

მთავარი რედაქტორი, დიდი გამოცდილება აქვს სპორტულ ჟურნალისტიკაში

ვებსაიტი: https://www.facebook.com/davit.kokhreidze.92 ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…