საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება ბრწყინვალე გამარჯვებით, 4:1, ჩეხეთის წინააღმდეგ დაიწყო. ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა შესანიშნავი თამაში აჩვენა თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე, სადაც მატჩს დაესწრო 20 401 გულშემატკივარი, ხოლო ჩეხი გულშემატკივრების ტრიბუნა ცარიელი იყო.

მატჩის პირველი ტაიმი ქართველებმა ხვიჩა კვარაცხელიას მიერ მოპოვებული და გატანილი პენალტით 1:0 მოიგეს. მეორე ტაიმში გიორგი ჩაკვეტაძემ ორი ბურთამდე გაზარდა სხვაობა, ხოლო გიორგი მიქაუტაძემ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და ულამაზესი შესრულებით გუნდი წინ 3:0 გაიყვანა. 66-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის ზუსტი პასით ლუკა ქოჩორაშვილმა თავური დარტყმით 4:0 გახადა ანგარიში. ჩეხებმა მატჩის 80-ე წუთზე ერთი გოლი გაქვითეს, როცა ლუკას კალვაჩმა გიორგი მამარდაშვილის მოგერიებულ ბურთს დაამატა და მატჩის საბოლოო ანგარიში 4:1 დააფიქსირა.

მატჩის დაწყებამდე, ქართველი ოლიმპიელები და პარაოლიმპიელი მედალოსნები სიმბოლურად ეროვნული ნაკრების ფორმით დააჯილდოვეს. გარდა ამისა, გიორგი მიქაუტაძეს გადაეცა ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირის ტიტულისთვის განკუთვნილი სპეციალური პრიზი.

მატჩის შემდეგ მწვრთნელების კომენტარი:

ივან ჰაშეკი (ჩეხეთი): “შედეგი ყველაფერს ნათლად აჩვენებს. დღევანდელი ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვერ ვიქნები. გულდაწყვეტილი ვარ, რადგან ამ შედეგს არ ველოდი. საქართველოს ნაკრებმა აშკარად გვაჯობა, მათი თამაში მობილიზებული და აგრესიული იყო. ჩვენ თავიდანვე სხვანაირი განწყობით გავედით მოედანზე, რამაც საბოლოო შედეგზე გავლენა იქონია. იმედი მაქვს, დაშვებულ შეცდომებს უკრაინასთან შეხვედრამდე გამოვასწორებთ და უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ. გულშემატკივართა ძლიერი მხარდაჭერა იგრძნობოდა, რაც საქართველოში ფეხბურთის განსაკუთრებულ სიყვარულს უსვამს ხაზს,”

ვილი სანიოლი (საქართველო): “ჩვენი გუნდი ამ წარმატებამდე დიდი გზის გავლით მოვიდა. ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისკენ, დღეს მოედანზე გამოვიდნენ ფეხბურთელები, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატზე აქვთ ნათამაშები და შესაბამისად, უფრო თავდაჯერებულები იყვნენ. ძალიან მაინტერესებდა, როგორ გამოვიდოდით ევროპის ჩემპიონატის შემდეგ და ნამდვილად ფანტასტიკური თამაში ვიხილეთ. რაც შეეხება კვარაცხელიას შეცვლას, ხვიჩა მაღალი დონის მოთამაშეა და მას ხშირად უწევს 3 დღეში ერთხელ თამაში. დღეს 90 წუთი სრულად ითამაშა. კიტეიშვილი, რომელიც ტრავმიდან დაბრუნდა, უკვე დაგეგმილად შევცვალე. კიტეიშვილი ევროპის ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი მოთამაშეა, რომელსაც ტოპ გუნდებში თამაში თავისუფლად შეუძლია. ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთთან ის გვაკლდა და ეს დიდი დანაკლისი იყო. მიხარია, რომ გუნდში მისნაირი მოთამაშე მყავს, რომელიც ყველა დავალებას იდეალურად ასრულებს,” – განაცხადა სანიოლმა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 10 სექტემბერს, სტუმრად, ალბანეთის ნაკრებთან გამართავს.

 

განახლდა კვირა, 08 სექტემბერი 2024 04:27
Share this article

ავტორის შესახებ

აჩი გეგენავა

ვებსაიტი: www.achigegenava.com ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…