2017 წელს კი ის ანალოგიურ გამოკითხვაში სულაც საუკეთესო ,,არაოლიმპიელ“ სპორტსმენად დასახელდა. ნანა ძაგნიძე 1987 წლის 1 იანვარს ქუთაისში დაიბადა. ჭადრაკის თამაში 5 წლის ასაკიდან დაიწყო და თავიდანვე მრავალი წარმატება მოიპოვა. 1999 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე 12 წლამდე გოგონათა შორის ნანა ოქროს მედალს დაეუფლა. 2003 წელს ის უკვე 20 წლამდე გოგონათა შორის გახდა ჩემპიონი. რაც დრო გადიოდა ნანა ძაგნიძე წარმატებას წარმატებაზე აღწევდა. ის ტურნირები, რომ ჩამოვთვალოთ, სადაც ნანა ჩემპიონი გახდა, ან საპრიზო ადგილზე გავიდა, ერთი გვერდი საკმარისი არ იქნება. ამიტომაც, მის მიერ მოგებულ ყველაზე მნიშვნელოვან ტიტულებზე გავამახვილებთ ყურადღებას. ნანა ძაგნიძე არის:2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში. 2014 წელს ოლიმპიური ოქროს მფლობელი პირად ჩათვლაში. ევროპის ჩემპიონი( 2017), მსოფლიოს ჩემპიონი რაპიდში (2017). მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკე ქალად დაასახელეს 2017 წელს. ასევე არის ევროპის საკლუბო ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებული. ასეთი ტიტულოვანი სპორტსმენი დღეს ჩვენი რესპოდენტია. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
–თავდაპირველად გასულ წელზე ვისაუბროთ, როგორ შეაფასებთ ბათუმში ჩატარებულ საჭადრაკო ოლიმპიადას და ზოგადად 2018 წელს?
–ოლიმპიადა ყველაზე დიდი საჭადრაკო ფორუმია, მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით, არამედ, მნიშვნელოვანია ქვეყნის იმიჯისთვის. მე ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ ორგანიზების მხარეს და გახსნა დახურვის ცერემონიალს. როგორც მასპინძელი ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ იმდენად მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული ბათუმში ჩატარებული ოლიმპიადა, დასრულების შემდეგ ორმაგად ამაყი ვიყავი, სპორტული თვალსაზრისითაც – რადგანაც მესამე საპრიზო ადგილზე მოვახერხეთ გასვლა და როგორც მასპინძელი მხარის წარმომადგენელი – ოლიმპიადის ღირსეულად მასპინძლობისთვის.
რაც შეეხება ზოგადად 2018 წელის შეფასებას, გავხდი ევროპის ვიცე ჩემპიონი. ასევე ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე, კლუბ ნონას სახელით ( სადაც იგივე შემადგენლობით გამოვდივართ როგორც ნაკრებში) ავიღეთ ვერცხლის მედალი და ოლიმპიური ბრინჯაო. თუმცა 2017 წელი სპორტული თვალსაზრისით გაცილებით უფრო ნაყოფიერი იყო და წარმატებული იყო.
რადიო ,,ჯაკომ" არაოლიმპიურ სახეობებში 2018 წლის საუკეთესო ათეულში დაგასახელათ, რამდენად მნიშვნელოვანია სპორტსმენისთვის ასეთი აღიარებები?
–რადიო ,,ჯაკო“ და მისი ხელმძღვანელი ბატონი ჯამლეტ ხუხაშვილი ყოველთვის გულისხმიერია ჩემი წარმატებების მიმართ და ეს წლის ბოლოს, ამ ნომინაციებშიც აისახება. 2017 წელს საუკეთესოდ დამასახელეს. 2018 წელს საუკეთესო ათეულში მოვხვდი. ზოგადად სპორტსმენისთვის ნებსმიერი სახის ყურადღება და დაფასება დამატებითი სტიმულია მომავალი წარმატებისათვის.
–ჭადრაკის თამაში ქუთაისში დაიწყეთ და იქ დაოსტატდით, არაერთხელ იყავით დასახელებული ქუთაისის წლის საუკეთესო ათეულში. ამჟამად რამდენად ახერხებთ მშობლიური ქალაქის სპორტულ ცხოვრებაში ჩართვას? –
–რაც შეეხება ქუთაისს, ცალკე განყენებულად არ შემიძლია საუბარი იმდენად ჩემშია ეს ქალაქი. აქ დავიბადე, გავიზარდე და ჩამოვყალიბდი. სპორტული წინსვლისათვის გახდა აუცილებელი თბილისში გადავსულიყავით, რადგან გამძაფრებული კონკურენციის პირობებში მსოფლიოს მასშტაბით რთულია პირველობისათვის ბრძოლა. წინა წლებისაგან განსხვავებით ჭადრაკი მსოფლიოში უფრო მასობრივი გახდა, კომპიუტერული პროგრამების ჩართვამ კიდევ უფრო მეტი უპირატესობა მისცა განვითარებულ ქვეყნებს.ხშირად მიწევს უცხოეთში ტურნირებზე გამგზავრება და ამ ყველაფერის ორგანიზება მშობლიური ქალაქიდან შეუძლებელი იქნებოდა. თუმცა, რადგან ჩემი მეუღლეც ქუთაისელია ხშირად გვიწევს ჩამოსვლა მშობლიურ ქალაქში. სხვათა შორის, 2016 წელსაც დამასახელეს ქუთაისის საუკეთესო სპორტსმენების ათეულში… ზოგადად, გარკვეულ ყურადღებას ყოველთვის ვგრძნობდი მშობლიური ქალაქისგან, რაც ძალიან სასიამოვნო და დასაფასებელი გახლდათ.
რადგანაც აქტიურ სპორტში ვარ, რთულია ძალების დივერსიფიცირება, მაგრამ ვფიქრობ და სურვილი მაქვს მომავალში ხელი შევუწყო ქუთაისში საჭადრაკო სფეროს კიდევ უფრო განვითარებას. რა გზით, ჯერ საბოლოოდ არ მიმიღია გადაწყვეტილება, თუმცა, აუცილებლად შევიტან წვლილს, რომ ჩვენს ქალაქში გაიზარდონ წარმატებული მოჭადრაკეები.
–ქუთაისი ყოველთვის იყო ძლიერი მოჭადრაკეების სამჭედლო, ამჯერად როგორი ვითარებაა ამ მხრივ და რა უნდა გაკეთდეს წინსვლისთვის?
–ქუთაისს ყოველთვის ჰქონდა და აქვს კარგი ინტელექტუალური ბაზა, რომელსაც სწორი მიმართულებისა და განვითარების შესაძლებლობა უნდა მიეცეს.
-რას ურჩევთ დამწყებ მოჭადრაკეებს, ნიჭთან და შრომასთან ერთად რა არის საჭირო, რომ წარმატებული მოჭადრაკეები გახდნენ?
–დამწყებ მოჭადრაკეებს ჩემი გამოცდილებიდან გავუზიარებ რომ იყვნენ ბეჯითები, შეიყვარონ და მიიღონ სიამოვნება ჭადრაკისგან რომ ის გახდეს მათი ცხოვრების ნაწილი. ქუთაისელ სპორტსმენებსა და ზოგადად ჩემს ქალაქს ვუსურვებ წარმატებულ წელს!
–სამომავლო გეგმებზეც ვისაუბროთ, რომელ ტურნირებზე იასპარეზებთ წლეულს და რა მიზნებს ისახავთ?
–რაც შეეხება 2019 წელს ეს წელი მეტად დატვირთული და გამოწვევებით სავსე იქნება. მაისში მელოდება კანდიდატთა ტურნირი სადაც მსოფლიოს 8 საუკეთესო ქალი ვიბრძოლებთ მსოფლიო ჩემპიონ ძუი ვენძუინთან მატჩის საგზურისათვის. ინტენსიური მზადება მაქვს დაწყებული (ჯაკოს დაჯილდოებასაც ამ მიზეზის გამო ვერ დავესწარი, ბაკურიანში გავდიოდი საწვრთნელ მეცადინეობას).უახლოეს პერიოდს რაც შეეხება, 2 თებერვლიდან სენტ ლუისში საერთაშორისო დახურულ ტურნირში მივიღებ მონაწილეობას, .სადაც მოჭადრაკეები რეიტინგ ფავორიტებიდან შეირჩნენ. ჩემი უპირველესი მიზანი, სწორედ აღნიშნულ ტურნირებზე წარმატებული გამოსვლაა.