მეორე ტაიმში "ტორპედო" ძველებურად სახიფათოდ ვეღარ უტევდა, ქუთაისელები შესვენების შემდეგაც ცდილობდნენ შეტევებს, მაგრამ სწრაფი და სახიფათო იერიშების განხორციელებას ვეღარ ახერხებდნენ. მასპინძლები ორჯერ პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ არბიტრმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა. 77-ე წუთზე კი მეკარესთან პირისპირ გასულ ფელიპე პერესს სელმანმა აჯობა და ახლო მანძილიდან არ გაატანინა.
ამასობაში ალბანელები, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ძირითადად დაცვითი ფუნქციებით იყვნენ დაკავებული, შეტევაშიც გათამამდნენ და 86-ე წუთზე რიმალ ჰაჯიუმ ანგარიში გაათანაბრა -1:1
დარჩენილ დროში სტუმრებს ორი კარგი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ შესანიშნავად ითამაშა ფილიკ კლიაიჩმა. უკანასკნელ წამზე კი ალბანელების თავური დარტყმა მცირე მანძილით ასცდა კარს.
"ტორპედო" საპასუხო შეხვედრაში "ტირანას" 18 ივლისს სტუმრად ეთამაშება.
მატჩის შემდეგ
ბლედი შკემბი (ტირანას მთავარი მწვრთნელი): "ტორპედო ძალიან კარგი გუნდია და რთული თამაში იყო. ჩვენ ახალი დაკომპლექტებული გუნდი გვყავს, ფაქტობრივად ექსპერიმენტალური შემადგენლობით ვთამაშობდით და მოხარული ვარ, რომ მატჩის ბოლოს ანგარიში გავათანაბრეთ და შეხვედრა ფრედ დავასრულეთ, თუმცა მეტიც შეგვეძლო. საპასუხო შეხვედრის წინ შანსებს თანაბრად შევაფასებდი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, "ტორპედო" კარგი გუნდია, მაგრამ რადგანაც საკუთარ კედლებში ვითამაშებთ, შესაძლოა ამის გამო ოდნავ ჩვენ გვქონდეს უპირატესობა. ტაქტიკას მომავალი თამაშისთვისაც არ შევცლით. დაცვიდან ვითამაშებთ და ჩვენს შანსებს დაველოდებით."
სტივ კინი (ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი): "თამაში კარგად დავიწყეთ და არაერთი საგოლე მომენტი შევქმენით, ალბათ უიღბლობაც იყო, ერთზე მეტი გოლი რომ ვერ გავიტანეთ, მეორე ტაიმში ცოტა მოვდუნდით, მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა მივეცით. შედეგმა გული დაგვწყვიტა, თუმცა გამარჯვებულის ბედს ორიმატჩიანი დუელი წყვეტს და ჩვენ საპასუხო შეხვედრაში ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის. სავარაუდოდ, ალბანეთში მამადუ სახოც დაგვეხმარება.
სეზონის წინ ვაცხადებდით, რომ ჩვენი მიზანი კონფერენს ლიგაში მოხვერაა, ამ თამაშის შემდეგ ცოტა რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა, წინ საპასუხო შეხვედრაა.
ძალიან დაგვაკლდა გიორგი არაბიძე, რომელიც სამხრეთ კორეიის ჩემპიონატში გააგრძელებს კარიერას, მისმა წასვლამ დაგვასუსტა, თუმცა გუნდს აქვს რესურსი და პოტენციალი, რომ წარმატებით ითამაშოს."
გიორგი მჭედლიშვილი (,,ტორპედოს" ფეხბურთელი): "კარგი თამაში გამოვიდა, დიდ უპირატესობას ვფლობდით, მეტოქეს ვაჯობეთ თამაშით, მაგრამ სამწუხაროდ, ალბათ, უიღბლობის გამო ვერ გავიმარჯვეთ. ყველას გვინდოდა მოგება და გულშემატკივრების გახარება, მაგრამ არ გამოვიდა, ვეცდებით, საპასუხო შეხვედრაში უკეთ გამოვიყენოთ ჩვენი მომენტები და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ."
კონფერენსლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
ტორპედო (ქუთაისი, საქართველო) 1:1 ტირანა (ალბანეთი)
11 ივლისი. ქუთაისი. "რამაზ შენგელია". 11 000 მაყურებელი
გოლები: 1:0 მიჩი (20-საკ. კარში), 1:1 ჰაჯიუ (87. პრენგაის პასით)
ტორპედო (4-2-3-1): კლიაიჩი - მჭედლიშვილი (64. ჟორჟინიო), მონტეირო, ნადარაია, შერგელაშვილი - ელიტონ ჟუნიორი, გიგაური - პირესი, ნინკოვიჩი (64. მანჯგალაძე), აურო (81. ბიძინაშვილი) - იონსენი
მწვრთნელი: სტივ კინი
ტირანა (4-3-3): სელმანი - ისუფი (90+4. გიუმსი), კოლა, პერგიონი, მიჩი - სოლერი (78. დემბელე), მეტა, იონუზი (78. ტოლა) - იაკუ (78. პრენგაი), ბაიროვიჩი (64. იარმუნი), ჰაჯიუ
მწვრთნელი: ბლედი შკემბი
გაფრთხილება: აურო (33), პერგიონი (42), მონტეირო (90)
არბიტრი: ზ. ჰოვანისიანი (სომხეთი)