დღეს, 25 ივლისს, ქუთაისის ტორპედო კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში კვიპროსში ომონიას დაუპირისპირდება. შეხვედრა 20:30 საათზე დაიწყება და პირდაპირ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით გადაიცემა.
მომავალი მატჩის წინ, ქუთაისური გუნდის მწვრთნელმა სტივ კინმა და თავდამსხმელმა ბიორნ იონსენმა კომენტარების გაკეთება მოახერხეს.
სტივ კინი აღნიშნავს: „პირველ რიგში, მადლობა “ომონიას” კარგი დახვედრისთვის. საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავს და ვიცით, რომ წინ რთული მატჩი გველის. როგორც ყოველთვის, ჩვენს მეტოქეს ვაფასებთ და დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენი მიზანი ნათელია – შემდეგ ეტაპზე გასვლა. სამწუხაროდ, აურო ჟუნიორის სახით დიდი დანაკლისი გვაქვს, მაგრამ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ამ დანაკლისის შევსებას შეძლებენ. მათი მჯერა.“
ბიორნ იონსენი, (თავდამსხმელი): „ჩვენი კლუბის ზრდისთვის ეს ბრწყინვალე შესაძლებლობაა. ამ მატჩისთვის გუნდი იდეალურ ფორმაშია. მეტოქისგან განსხვავებით, ჩვენ შუა სეზონში ვართ, ვთამაშობთ და ვეცდებით ეს უპირატესობა ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ. მადლობა ჩვენს ფანებს, არ არის მარტივი ყოველ კვირა გუნდის გასვლაზე დაყვებოდე. ისინი იყვნენ ტირანაშიც და ვიცი, რომ ამ მატჩზეც ბევრი იქნებიან. ვაფასებ ამ ყველაფერს და ჩვენ მათთვის ვთამაშობთ. დიდი მადლობა ჩამოსვლისთვის.“