ტრავმების გამო თითქმის განახევრებული შემადგენლობის მიუხედავად ქართველები ბრძოლისთვის იყვნენ განწყობილი და ეს უკვე ჰიმნის გაჟღერებისას გამოჩნდა. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო გუშინდელი შეხვედრა იტალიის ნაკრებისთვის, აპენინელები ბორჯღალოსნებში დიდი კონკურენტს ხედავენ და საქართველოს ნაკრების ამბიცია, რომ 6 ერის გუნდებთან ერთად ითამაშოს, ძალიან აღიზიანებთ.
იტალიელებმა საწყისის წუთებიდანვე სცადეს, ,,ჯიუტი ქართველებისთვის“ ,,ადგილის მიჩენა“, რამდენიმეფაზიანი მწვავე იერიში განახორციელეს, მაგრამ მილტონ ჰეიგის გუნდი ლელოს ხაზთან კარგად გამაგრდა და მეტოქეს ჩათვლის მოედანზე შეღწევის საშუალება არ მისცა.
საქართველოს ნაკრების შეცდომას მე-9 წუთზე ჯარიმა მოყვა, რომელიც ტომაზო ალენმა ზუსტად დაარტყა –3:0; თუმცა შემდეგ თამაში ქართველებისთვის შესანიშნავი სცენარით განვითარდა და ეს ტემპი რომ შეგვენარჩუნებინა საბოლოო შედეგიც სხვაგვარი იქნებოდა. მე-14 წუთზე ჩვენი რამდენიმეფაზიანი შეტევის შემდეგ თამაზ მჭედლიძემ ხაზი გაჭრა, იტალიელთა დაცვა გაარღვია და ლელოთი საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა, სოსო მათიაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა- 7:3
ჩამორჩენის შემდეგ, იტალიელებმა ტემპს უმატეს, ბურთი ფრთებზე ჩაათამაშეს, 12 ფაზიანი შეტევა მიკელე კამპანიარომ ლელოთი დააგვირგვინა, რომელიც ალენმა გარდასახა. 25-ე წუთზე იტალია შერკინებაში დაჯარიმდა და მათიაშვილს წონასწორობის აღდგენის შანსი ჰქონდა, მაგრამ ჯარიმა ვერ გამოიყენა. შემდეგ უხეში თამაშისთვის მსაჯებმა გიორგი ცუცქირიძე გაასინბინეს, იტალიელებმა რიცხობრივი უპირატესობა კარგად გამოიყენეს და ტაიმი 18:7 მოიგეს.
მატჩის მეორე ნახევარი კვლავ მასპინძლების შეტევებით დაიწყო, მათ სწრაფად გაათამაშეს ბურთი და მესამე ლელო მიითვალეს. 51-ე წუთზე იტალია შერკინებაში დაჯარიმდა და მათიაშვილმა 40 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა გაიტანა.
ტაიმის შუაში მოედნის ცენტრში დავკარგეთ ბურთი, რასაც სწრაფი კონტრშეტევა და ალენის ლელო მოყვა. მატჩის დარჩენილი დრო მილტონ ჰეიგის გუნდმა შეტევებში გაატარა და რომ არა პატარ-პატარა შეცდომები, 7-ზე მეტი ქულის აღება შეიძლებოდა. 62-ე წუთზე გიორგი ცუცქირიძემ იტალიელებს ხაზი გაუჭრა, მათიაშვილის, ბექა გორგაძისა და გიორგი კვესელაძის კარგი თამაშის შემდეგ ბექა ბიწაძე ლელოს აუცილებლად დადებდა, მაგრამ ტომაზო ბენვენუტიმ ის ჯერ კიდევ ბურთის მიღებამდე შებოჭა, რაც ვიდეო რეფერიმ დააზუსტა და იტალია ტექნიკური ლელოთი (7 ქულიანი) ხოლო ბენვენუტი ყვითელი ბარათით დაისაჯა.
67-ე წუთზე სხვაობის კიდევ უფრო შემცირება შეიძლებოდა, თუმა ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა არ დავარტყით და ბურთი დერეფანში გადავიტანეთ. აუტის შემდეგ კი დავჯარიმდით და შეტევაც ჩაიშალა. შემდეგ ეპიზოდში ქართველთა სწრაფი შეტევა გელა აფრასიძეს უნდა დაეგვირგვინებინა ლელოთი, მაგრამ ბურთი წინ დაუვარდა.ქართველებმა დარჩენილი დროც შეტევებში გაატარეს, მაგრამ ანგარიშის შეცვლა ვეღარ მოახერხეს– 28:17.
საქართველოს ნაკრები მომდევნო ორ თამაშს თბილისში გამართავს : 17 ნოემბერს „ავჭალაზე“ სამოას და 24 ნოემბერს „მიხეილ მესხზე“ ტონგას დაუპირისპირდებიან.
იტალია საქართველო, ნოემბრის ტესტ მატჩების ფოტო რეპორტაჟი ფლორენციიდან.
http://sport.infokutaisi.com/index.php/rugby/georugby/item/319-28-17#sigProId06b453a2d6