„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია 1996 წელს არის მიღებული და უკვე მრავალი წელია ვერ აკმაყოფილებს სპორტის სფეროში არსებულ თანამედროვე მოთხოვნებს. ახალი კანონის შექმნა მიზნად ისახავს მოსახლეობის ფიზიკური აქტივობისა და სპორტის საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. კანონის პროექტი ემსახურება სპორტის წინაშე არსებულ გამოწვევებზე სათანადო რეაგირებას, მათ შორის ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სასპორტო განათლება და საკადრო უზრუნველყოფა, თანამშრომლობა სპორტულ ორგანიზაციებთან, ინფრასტრუქტურის განვითარება და მისი მართვა, სპორტული მედიცინა და სხვა.
ქუთაისში სპორტის შესახებ კანონპროექტზე იმსჯელეს
- Post by დავით კოხრეიძე
- - აგვ 03, 2018
2 აგვისტოს ქუთაისში “ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო. საჯარო განხილვას აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის სამკითხველო დარბაზში დარგის სპეციალისტებთან ერთად ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.ღონისძიება საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით გაიმართა. „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის საჯარო განხილვას საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი უძღვებოდა.