–როგორ მოემზადა გუნდი ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის?
ბესიკ ხაჭიპერაძე: შეკრება ადგილზე, წყალტუბოში გავიარეთ. თავდაპირველად მსუბუქი დატვირთვები გვქონდა, შემდეგ გადავედით ორჯერად ვარჯიშებზე დილით ფიზიკური კონდიციების გაუმჯებესებაზე ვმუშაობდით, საღამოს კი ძირითადად ტექნიკურ–ტაქტიკური ვარჯიშები გვქონდა. მზადების პროცესში გავმართეთ ამხანაგური შეხვედრები. ორი სპარინგ–მატჩი ჩავატარეთ მარტვილის ,,მერანთან“ ბოლოს კი ლანჩხუთის ,,გურიას“ გავეჯიბრეთ. ვფიქრობ, მოსამზადებელმა პერიოდმა ნაყოფიერად ჩაიარა. დავაკვირდით ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებიც ,,სამგურალში“ აღიზარდნენ და ,,სამგურალი 2“ –სა და ასაკობრივ გუნდებში თამაშობდნენ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავაწინაუროთ ნიჭიერი ფეხბურთელები, ყველას მივცეთ წინსვლის შანსი. აღნიშნულ თამაშებში და საწვრთნელო პროცესებში კარგად წარმოაჩინა თავი ახალგაზრდა მცველმა მურად ქუთათელაძემ, რომელიც პირველ გუნდში დავაწინაურეთ. გვეიმედება მისი და გვინდა, რომ ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენოს. ბევრი აქვს სამუშაო, მონდომებული ბიჭია, ჩვენც ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ განვითარდეს და უფრო დიდ ასპარეზზე ითამაშოს. რაც, პირველ რიგში, ქალაქისა და გუნდის სახელი იქნება.
–ამხანაგურ შეხვედრებს დავუბრუნდეთ, რამდენად კმაყოფილი ხართ გუნდის თამაშითა და დაფიქსირებული შედეგებით?
–ჩვენი მიზანი იყო,სპარინგ–მატჩებში დაგვენახა ნაკლოვანებები და მათ გამოსწორებაზე გვემუშავა. სამივე შეხვედრა ფრედ ვითამაშეთ, თუმცა აქ შედეგი ნაკლებად მნიშვნელოვანია. 2 აგვისტოს ჩემპიონატი იწყება და ჩვენი მიზანიც ის არის, რომ ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ. შედეგზე მეტად ორიენტირებული იქეთკენ ვიყავით, რომ ყველა ფეხბურთელი საქმეში გამოგვეცადა და მათი კონდიციები შეგვემოწმებინა. ამ შეხვედრებმა ბევრი რამ დაგვანახა, ვეცდებით, ჩემპიონატის მეორე ეტაპი კარგად დავიწყოთ. 2 აგვისტოს სტუმრად ,,შევარდენს“ ვხვდებით და სწორედ ამ შეხვედრაში გამოჩნდება ის პირველი კონტურები, თუ როგრ მოვემზადეთ ჩემპიონატისთვის
–გუნდში რამდენიმე ახალი ფეხბურთელი ჩაირიცხა, მათ შესახებ ვისაუბროთ...
–დავიბრუნეთ 22 წლის თავდამსხმელი ლაშა ჩიხლაძე, რომელიც განათხოვრების წესით ტყიბულის ,,მეშახტეში“ თამაშობდა. ეს ბიჭი 4 წელიწადი ,,სამგურალში“ იზრდებოდა მჯერა მისი შესაძლებლობების და როგორც კი გამოჩნდა მისი დაბრუნების საშუალება, ეს განვახორციელეთ კიდევაც. ჩიხლაძეს მიეცემა უფრო მაღალ დონეზე თავის გამოჩენის საშუალება და მჯერა, რომ თავის სიტყვას იტყვის.
ანალოგიურად, დავიბრუნეთ ახალგაზრდა ნახევარმცველი ლევან ლიპარტელიანი, რომელიც თბილისის ,,შევარდენში“ იყო განათხოვრებული. მეტ–ნაკლებად უწევდა თამაშები, ვფიქრობ, რომ გამოადგება ჩვენს გუნდს, ადგილობრივი ბიჭია, უყვარს შრომა და ვისაც მუშაობა არ ეზარება, არავის არაფერი დაეკარგება.
ბოლნისის ,,სიონიდან“ დავიმატეთ ფლანგის მცველი გიორგი ჭეიშვილი. გამოცდილი ბიჭია, მებრძოლი, შრომისმოყვარე. პირველ ეტაპზე მარხხენა მცველის პოზიციაზე გვქონდა პრობლემები და იმედი, მაქვს, რომ მისი დამატებით ამ ნაკლოვანებებს აღმოვფხვრით.
ტყიბულიდან დავიბრუნეთ ზვიად კუხალაშვილი. ასევე გვქონდა სურვილი, რომ ,,ბორჯომიდან" გადმოგვეყვანა ყოფილი სამგურალელი ირაკლი ხვადაგიანი, მაგრამ როგორც ფეხბურთელმა გვითხრა, კლუბმა არ ისურვა მისი გაშვება.
–კიდევ უნდა ველოდოთ სიახლეებს თუ ამით დასრულდა გუნდის დაკომპლექტება?
–გუნდი ფაქტობრივად ყველა პოზიციაზე საჭიროებს გაძლიერებას, მაგრამ ჩვენი ფინანსებიდან გამომდინარე არ იყო სხვა ფეხბურთელების მოყვანის საშუალება. ბირთვის შენარჩუნებასთან ერთად, რაც შევძელით, ჩვენი პირობებიდან გამომდინარე გუნდი მაქსიმალურად დავაკომპლექტეთ. უკეთესობა რა თქმა უნდა აუცილებელია, მაგრამ ამ ეტაპზე მეტის საშუალება არ გვქონდა.
–,,სამგურალში“ 19 წლის ილია ახვლედიანი ვარჯიშობს, რომელიც ესპანეთის მე–3 ლიგის გუნდ ,,დეუსტოში“ ასპარეზობდა. მისი საკითხი როგორ გადაწყდა?
–კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მისი გუნდში აყვანა გადაწყვეტილი გვაქვს ესპანეთიდან ახვლედიანის გათავისუფლების ფურცელს ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ ისიც მალე დაგვეხმარება.
–,,სამგურალმა“ თითქმის ყველა ფეხბურთელი შეინარჩუნა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც გუნდი დატოვა. მათ შესახებ რას გვეტყვით?
– გუნდიდან წავიდა გიორგი ხელაძე წავიდა, რომელიც ხონის ,,იმერეთში“ გადავიდა. პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა მის პიროვნულ თვისებებს და საქმისადმი პროფესიონალურ მიდგომას, მაგრამ ფეხბურთია და ფეხბურთელების წასვლა–მოსვლა ბუნებრივი პროცესია.
ასევე ,,სამგურალიდან" წავიდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები ლუკა ჯანელიძე და ლევან მანაგაძე. ჯანელიძეს დიდი პროგრესი ჰქონდა, ნიჭიერი ბიჭია და ბერძნული კლუბის ვარიანტი გამოუჩნდა და იქ გადავიდა, როგორც ვიცი, ბერძნულ ,,სპარტაში" გააგრძელებს კარიერას. ლევან მანაგაძე კი ქუთაისის ,,ტორპედოს" დაუბრუნდა. მადლობას ვუხდით ყველა მათგანს გაწეული სამსახურისთვის და მომავალ კარიერაში ვუსურვებთ წარმატებებს.
–ცვლილებები მოხდა ეროვნული ლიგა 2–ის სხვა გუნდებშიც, რას იტყვით თქვენს კონკურენტებზე?
–ყველა გუნდთან ფინალის ტოლფასი თამაშები გვექნება. სატურნირო ცხრილშიც სიმჭიდროვეა, 2–3 თამაშის მოგებით შესაძლოა გასავარდნ ზონას თავი დააღწიო და შემდეგ ხუთეულშიც კი მოხვდე. რაც შეეხება ლიდერებს, ბათუმის ,,დინამო“ ,,ვიტ ჯორჯია“, ,,ნორჩი დინამო“ ძალიან კარგი გუნდებია. არ უნდა დაგვავიწყდეს ,,გაგრა“ და ,,თელავი“, რომლებიც კარგ, შემტევ ფეხბურთს აჩვენებენ და ძლიერი შემადგენლობები ჰყავთ. ზოგადად, თანაბარი დონის ჩემპიონატია, რაც პირველ ორ წრეშიც გამოჩნდა, სიურპრიზებს ყველასგან უნდა ვეოდოთ, წინასწარ ძნელი იქნება შედეგის გამოცნობა, თუნდაც ლიდერი აუტსაიდერს ხვდებოდეს, ვერ იტყვი, რომ ცხრილის ზედა საფეხურზე მყოფი გუნდი აუცილებლად მოიგებს. კონკრეტული თამაშისთვის ვინც უკეთ იქნება მომზადებული, ის გუნდი გაიმარჯვებს მოკლედ, წინ ძალიან დაძაბული და საინტერესო მეორე ეტაპი გველოდება მოწინააღმდეგეები უფრო გაძლიერდნენ, ზოგს კერძო სპონსორიც ჰყავს, სახელფასო ბიუჯეტი და რესურსიც მეტი აქვთ. თუმცა, ჩვენი შესაძლებლობებით ბოლომდე ვიბრძოლებთ, და მდგომარეობის გამოსწორებას შევეცდებით.
–პირველ ეტაპზე 1–2 შეხვედრას თუ არ ჩავთვლით ,,სამგურალმა“ ყველა მეტოქესთან 9მოგებულ და წაგებულ შეხვედრებშიც) თანაბრად ითამაშა, თუმცა გუნდს სტაბილურობა აკლდა, რა იყო ამის მიზეზი?
–არასტაბილურობა იმანაც განაპირობა, რომ თუ სხვა გუნდებს ერთ პოზიციაზე 2–3 ფეხბურთელი ჰყავს, ჩვენთან 16 კაცზე გადადის მთელი ჩემპიონატი. რაც ძალიან რთულია, ბუნებრივია, რომ ჩავარდნებიც იყო. თასის თამაშზე ,,რუსთავთან“ 120 წუთი ვითამაშეთ, პენალტების სერიაში დავმარცხდით, შემდეგ თამაშში ,,მერანთან“ უკვე დაღლილობამ იჩინა თავი. რამაც შედეგზეც იქონია გავლენა. ჩვენს პირობებში რთულია, ძალების იმ დონეზე აღდგენა, რომ 3–4 დღეში მომდევნო მატჩს სრულ მზადყოფნაში შეხვდე. ,,მერანმა“ მაშინ უფრო ადვილად გაიარა თასის თამაში, შედარებით იოლი მეტოქე შეხვდა, ჩვენ კი ეროვნული ლიგის გუნდს ტოლ–სწორად ვეთამაშეთ...
–სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ალბათ, თქვენი მთავარი მიზანი ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება?
–ჩვენი ამოცანა ეროვნულ ლიგა 2–ში დარჩენაა. რაც, ძალიან რთული იქნება. ჩვენს კონკურენტებს კრაგად დაკომპლექტებული გუნდები ჰყავთ. თუმცა, მჯერა, რომ ბიჭების მონდომებითა და დაუღალავი შრომით , რისი იმედიცმაქვს, ამ ამოცანას თავს კარგად გავართმევთ.
–მოლოდინი იყო, რომ აგვისტოს დასაწყისში ,,სამგურალი“ საკუთარ მოედანზე დაბრუნდებოდა, თუმცა სტადიონის რეკონსტრუქცია გეგმის მიხედვით ვერ წარიმართა და კვლავ მარტვილში მოგიწევთ საშინაო მატჩების ჩატარება. სტადიონის რეაბილიტაციის პროცესი რა ეტაპზეა?
–ჩვენც ვიცოდით, რომ აგვისტოში უკვე სახლში უნდა გვეთამაშა, მაგრამ სამუშაოები ამ ეტაპზეც გრძელდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან რა პირობაც იყო დადებული, განხორციელდა – მინდორი დაიგო და ახლა ტრიბუნების გაკეთება დარჩა. უკვე ჩატარდა ტენდერი, გაიმარჯვა ერთ–ერთმა კომპანიამ, რომელიც სამუშაოებს მალე დაიწყებს წლეულს საკუთარ მოედანზე თამაშის ფუფუნება არ გვექნება, არადა, ძალიან დიდი მნიშვნელობა, აქვს საკუთარ კედლებში ასპარეზობას. ორი წელიწადია უკვე ყველა შეხვედრას სტუმრად ვატარებთ. გინდა არ გინდა, ეს შედეგებზეც აისახება. იმედი გვაქვს, რომ შემდეგი სეზონიდან წყალტუბოში ვითამაშებთ. ფეხბურთის ფედერაცია და ქალაქის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს, რომ სტადიონის რეაბილიტაცია დროულად დასრულდეს. როგორც ვიცი, იურიდიული ნიუანსების გამო ტენდერის პროცესი გაიწელა და აგვისტოსთვის ამიტომ ვერ მოხერხდა დასრულება. რაც მთავარია, წყალტუბოში მალე იქნება კარგი სტადიონი, რაც ახალ თაობებს განვითარების საშუალებას მისცემს. ქალაქში კი ფეხბუთი დაბრუნდება. გულშემატკივრებიც მონატრებულია საშინაო მატჩებს. ამიტომაც ვითამაშეთ სამივე ამხანაგური შეხვედრა წყალტუბოში. წყალტუბოელები იმსახურებენ იმას, რომ მათმა საყვარელმა გუნდმა საკუთარ მოედანზე ითამაშოს. ასეთი გულშემატკივრობა და გვერდში დგომა იშვიათად მინახავს. ყველგან დაგვყვებიან საქომაგოდ და ცდილობენ, რომ მხარდაჭერა და მუხტი არ მოგვაკლონ. წარმოიდგინეთ, ზოგიერთი მათგანი, გუნდის გასამხნევებლად თბილისიდან მარტვილში ჩამოდის საკუთარი სახსრებით... ეს დღევანდელ რთულ პერიოდში მართლაც რომ წარმოუდგენელი გმირობა და გუნდის მიმართ უდიდესი სიყვარულია, გულშემატკივრებისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ და ვეცდებით, რომ მათი იმედები ბოლომდე გავამართლოთ.