ქუთაისელებმა პირველ შეხვედრაში საკუთარ კედლებში მოლდოვური გუნდი 2:1 დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი აქვთ. კახა ჩხეტიანის გუნდი მატჩისთვის დიდი მონდომებით ემზადება. ტორპედოელები ტირასპოლში მატჩამდე 4 დღით ადრე ჩავიდნენ, რომ ,,შერიფთან“ შეხვედრას ყოველმხრივ მზადყოფნაში შეხვდნენ.
შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში ანგარიში ,,შერიფმა“ გახსნა,მე–14 წუთზე მცველების შეცდომით ტირასპოლელთა ბელგიელმა ლეგიონერმა ზიგი ბადიბანგამ ისარგებლა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. ,, ტორპედომ" ანგარიში 23-ე წუთზე გაათანაბრა, გრიგოლ დოლიძის გადაცემის შემდეგ გიორგი ქიმაძემ მცველების უყურადღებობით ისარგებლა და ახლო მანძილიდან გაიტანა. 63-ე წუთზე ქიმაძემ პენალტი გამოიმუშავა, რომელიც გიორგი კუხიანიძემ აუღელვებლად შეასრულა და ,,ტორპედოს" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოაპოვებინა.