– რა მნიშვნელობა აქვს სპორტსმენის ფსიქოლოგიურ მომზადებას?
სპორტი გულისხმობს ადამიანის ძირითადი პირველადი შესაძლებლობების გადალახვას, ეს არის ადამიანის სრულყოფილებისკენ სწრაფვა. სპორტი ასევე არის თამაში, რომელსაც მოაქვს სიხარული და იძლევა შესაძლებლობას გამოხატოს ადამიანის მოთხოვნილებები.
შესაბამისად, სპორტში, მაღალი კონკურენციის ფარგლებში, როდესაც კარგი შედეგების მისაღწევად საჭიროა დიდი შრომა და ძლიერი ძალისხმევა ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს სპორტსმენების ფსიქოლოგიური მომზადება.
ფსიქოლოგების მონაწილეობა სპორტში არ შემოიფარგლება მხოლოდ შეჯიბრების წინ ფსიქოლოგიურ მომზადებაში და მისი როლი უფრო ფართო და მნიშვნელოვანია.
– რა შემთხვევაში ხდება ფსიქოლოგის ჩართვა და როგორი ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს სპორტსმენი?
სპორტსმენზე გავლენას ახდენს ისეთი სტრეს ფაქტორები როგორიცაა: წაგების მოლოდინი, წინა წარუმატებლობა, წაყენებული მოთხოვნები, დასახული მიზნის მიღწევის შესახებ გამუდმებული აზრები, უცნობი მოწინააღმდეგე, წარსულში განცდილი წარუმატებლობა მოწინააღმდეგესთან და სხვა ფაქტორები(მაგ. არაობიექტური მსაჯი, მაყურებლის რეაქცია ).
ფსიქოლოგის მუშაობა ეხმარება სპორტსმენს ამ სირთულეებთან გამკლავებაში, რაც აუცილებელი რგოლია წარმატებული შედეგისთვის.
– რა საკითხებზე მუშაობს ფსიქოლოგი სპორტის სხვადასხვა სფეროში?
ძირითადად გავრცელებლი პრობლემური საკითხები, რაზედაც მუშაობა ხდება ესაა:
- სპორტსმენის ვარჯიშის ეფექტურობის ამაღლება;
- ფსიქოლოგიური პირობების შექმნა მაღალი მიღწევებისთვის;
- ამტანობა;
- აღქმის სპეციფიური უნარების განვითარება(დისტანცია, დროის კონტროლი);
- საკუთარი თავის შეცნობაში დახმარება;
- დახმარება ცხოვრებისეული ღირებულებებისა და ფასეულობების ორიენტირებაში,
- შეუნარჩუნოს მოტივაცია მიზნისკენ მიმავალ რთულ და ზოგ შემთხვევაში გრძელ გზაზე;
- სასურველი და ღირსეული მიზნების ფორმირება, მათი მიღწევის ეტაპებით;
- სპორტსმენისთვის თვითრეგულაციის უნარების სწავლება;
- რელაქსაციის ტექნიკების სწავლება;
- ტრავმის ან წაგების შემთხვევაში რთული პერიოდის გადალახვისთვის საჭირო ოპტიმალური ფსიქოლოგიური მდგომარეობის შექმნა.
– რა პრობლემები შეიძლება წარმოიშვას სპორტული ცხოვრების დროს?
თუ კი არ ხდება ზემოთ ჩამოთვლილ სტრესულ სიმპტომებთან შესაბამისი კვალიფიციური მუშაობა, შესაძლებელია შეგვხვდეს შემდეგი ფსიქიკური მდგომარეობები:
- „გადაწვა“ - ეს არის ფუნქციონალური მდგომარეობა რომელიც, წარმოიშვება ინტენსიური და ხანგრძლივი დატვირთვის შედეგად, რომელიც იწვევს სპორტული მოღვაწეობის ხარისხის და ეფექტურობის დონის დაწევას.
- შფოთვა - რეაქცია მოსალოდნელ საფრთხეზე, რეალურზე ან წარმოსახვითზე. შფოთვა შესაძლოა წარმოიშვას არა მარტო მოსალოდნელი შედეგის მიმართ, ასევე კონფლიქტი ოჯახში, პარტნიორთან, სომატური დარვევის, ვიტამინი B-ს ნაკლებობისას და სხვა ვითარებაში. მომატებული შფოთვითი ფონი გამოიხატება შემდეგი სიპტომებით, –ცივი ხელები, ხშირი შარდვა, უარყოფითი, ცუდი გუნება განწყობა, მომატებული კუნთური დაძაბულობა, გონება გაფანტულობა, აკვიატებული ქცევა, თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, გულისრევის შეგრძნება და ძილის დარღვევა.
- დეპრესია - სპორტული წარუმატებლობის გავლენით, ასევე პირადი პრობლემების გავლენით შესაძლებელია დეპრესიული მდგომარეობის განვითარება. დამახასიათებელია - ხასიათის ცვლილება - დაქვეითება, უარყოფითი ემოციების სიჭარბე, მოტივაციის დაქვეითება, წარმოდგენების შეცვლა, პასიური ქცევა, შეჯიბრების შედეგების მიმართ გულგრილობა, ადვილად იღლება, არ ავლენს ვარჯიშის, შეჯიბრების სურვილს. თვითშეფასების დაქვეითება. საფრთხეა გადავიდეს კლინიკურ დონეზე. სწორედ ამიტომ არის, როცა წარუმატებლობა ხშირდება, სპორტსმენი ფსიქოლოგიურად ნადგურდება და მარცხს ეჩვევა. ასეთ სემთხევაში ფსიქოლოგის მუშაობა აუცილებელია.
- ფსიქომოტორული პერსევერაცია - აკვიატებული სურვილი განმეორებითი მოძრაობების ან შეუძლებლობა შეწყვიტოს მოძრაობა, რომელსაც აზრი არ აქვს. ასეთი მდგომარეობის განვითარების შედეგად შეწყვეტილი უნდა იქნას ვარჯიში ან შეცვლილი ემოციური დატვირთვით.
ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს უკრაინელი ბოქსიორის ვ.კლიჩკოს ქცევა 2004 წ. ერთ-ერთ შეჯიბრებაზე. რომელმაც ოთხ ერთი და იგივე სიტუაციაში მიიღო ოთხი დარტმა, რომელსაც ნოკდაუნამდე მიყავდა, და არც უცდია შეეცვალა ტაქტიკა.
- ემოციური პერსევერაცია - ემოციების შენარჩუნება მას შემდეგ რაც მიზეზი აღარ არსებობს. განცდები განაგრძობენ არსებობას და იწვევენ ფსიქოლოგიურ დისკომფორტს.
გარდა ზემოთაღნიშნულისა შესაძლებელია შეგვხვდეს სხვა სახის ფსიქოლოგიური პრობლემები, რომლებზეც მუშაობა და კორექცია მნიშვნელოვანია არა როგორც სპორტსმენისთვის არამედ, პირველ რიგში როგორც ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.
რა მეთოდების გამოყენებით ხდება სპორტსმენებთან ფსიქოლოგიური მუშაობა?
სპორტული ცხოვრების ფსიქოლოგიური უზრუნველყოფა სხვადასხვა ღონისძიებების კომპლექსია, რომელიც მიმართულია სპეციალურ განვითარებაზე, ორგანიზმის ფუნქციების ფსიქოლოგიური რეგულაციაზე, სპორტსმენის ქცევების ვარჯიშისა და შეჯიბრებისთვის საჭირო უნარების განვითარებაზე.
ეს შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
- ფსიქოგანათლება
- ფსიქოდიაგნოსტიკა
- რეკომენდაციები მწვრთნელსა და სპორტსმენს
- ფსიქოპროფილაქტიკა
- თვითრეგულაციის მეთოდების სწავლება
როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო წარმატებელი სპორტსმენის ჩამოყალიბებისთვის?
დღეისათვის ფსიქოლოგიაში სპორცმენებთან მუშაობისთვის საკმარისი მეთოდებია, ეფექტური თანამედროვე ფსიქოფიზიკური ტექნოლოგიების ჩათვლით.
სპორტსმენმა, რომ წარმატებას მიაღწიოს ის კომპლექსურად უნდა იყოს მომზადებული ფიზიკურად, ტექნიკურად, თეორიულად და ფსიქოლოგიურად.
მაქსიმალური შედეგის მიღწევა დამოკიდებულია სამ პირობაზე და თითოეულ მათგანს აქვს ფსიქოლოგიური შემადგენლობა:
- პიროვნების ბიოფსიქიკური თვისობრიობა.
- ნებისყოფის მაქსიმალური მობილიზაციისთვის მზაობა.
- ფსიქიკური თვითრეგულაციის შესაძლებლობა.
ფსიქოლოგია ასევე ეხმარება სპორტსმენს ისეთი პიროვნული უნარების ფორმირებაში როგორიცაა მიზანდასახულობა, გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, საკუთარ თავში დარწმუნებულობა, რაც ზრდის ვარჯიშის ეფექტურობას.
როდესაც სპორტსმენის მომზადების პროცესში არ არის ჩართული ფსიქოლოგიური მზადება ამან შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მას, არა მარტო სპორტული შედეგის მხრივ, ასევე პიროვნული თვალსაზრისითაც.