დღეს წყალტუბოში 26 მაისის სახელობის ცენტრალური სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა.
გახსნის ცერმონიალს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი, ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე ესწრებოდნენ.
-,,დღეს არის განსაკუთრებული დღე, მე როგორც რიგითი წყალტუბოელი და როგორც მუნიციპალიტეტის მერი ბედნიერი ვარ, რომ ათეული წლების შემდეგ თქვენთან ერთად შევძელით წყალტუბოს 26 მაისის სახელობის ცენტრალური სტადიონის განახლება, ეს იყო ბევრი წყალტუბოელის, სპორტის ქომაგის, ვეტერანი ფეხბურთელის პირადად ჩემი და თქვენი ინტერესი, მიზანი და დაპირება. დარწმუნებული ვარ, აქ გაიმართება ბევრი მნიშვნელოვანი, რესპუბლიკური თუ საერთაშორისო დონის შეხვედრა, მატჩი, სპორტული ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, ასევე წარმატებული, მოტივირებული და ჯანსაღი ახალგაზრდა თაობის აღზრდას’’ -განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
- ,,ფეხბურთის განვითარებას წყალტუბოში დიდი ხნის ისტორია აქვს, ჩვენ გვყავს სამაგალითო ვეტერანი ფეხბურთელები, რომლებმაც დღეს ცენტრალური სტადიონი გახსნეს, სწორედ ამან შეგვაძლებინა ის, რომ მომხდარიყო წყალტუბოს ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია. სამომავლოდ ვგეგმავთ, ასევე წყალტუბოში ფეხბურთის აკადემიის მშენებლობას ჩავუყაროთ საფუძველი. გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ამ ქალაქში ფეხბურთის და სპორტის განვითარებას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი’’- აღნიშნა მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა.
- ,,ამ ულამაზეს ქალაქს ძალიან ლამაზი სტადიონი შეემატა, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად ჩვენ განვახორცილეთ უმნიშვნელოვანესი პროექტი, ეს არის პირველი ეტაპი, სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს გასახდელების და განათებების მოწყობა. დარწმუნებული ვარ 26 მაისის სახელობის წყალტუბოს ცენტრალური სტადიონი იქნება ერთ- ერთი ულამაზესი სტადიონი ჩვენს ქვეყანაში’’ - განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ.
სტადიონის გახსნის ცერემონიალზე საქართველოს ეროვნული დროშა საფეხბურთო კლუბ ,,სამგურალის’’ დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ და ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ აღმართეს. დღესვე განახლებულ სტადიონზე ვეტერანი ფეხბურთელების ამხანაგური მატჩის დასრულების შემდეგ, წყალტუბოს საფეხბურთო კლუბმა ,,სამგურალმა " ქედას ,,ბეთლემს" უმასპინძლა. შეხვედრა წყალტუბოელების გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
წყალტუბოს 26 მაისის სახელობის ცენტრალური სტადიონზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით დაიგო მაღალი ხარისხის ბუნებრივი საფარი, დამონტაჟდა ტაბლო, სადრენაჟო და სარწყავი სისტემები. ადგილობრივი ბიუჯეტიდან სტადიონის რეაბილიტაციისთვის 456 ათასი ლარი დაიხარჯა. გაკეთდა 500 კაცზე გათვლილი ტრიბუნა, მოეწყო სარბენი ბილიკი, საპირფარეშოები და შემოიღობა სტადიონი ცენტრალური სტადიონის გახსნის ორგანიზება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა უზრუნველყო. მაყურებელთა განსაკუთრებული ტაში და ოვაციები მოჰყვა ქორეოგრაფიული ანსამბლის ,,იალონის’’ მიერ შესრულებულ სპორტულ ცეკვას.
წყალტუბოში განახლებული სტადიონი გაიხსნა
- Post by დავით კოხრეიძე
- - აპრ 23, 2019
- წყალტუბოს მერიის პრესსამსახური

ტეგები:
ავტორის შესახებ
