×

გაფრთხილება

JUser: :_load: ვერ ვტვირთავ მომხმარებელს შემდეგი id-თი: 558
საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალშია!

16 ოქტომბერს, რიგის „დაუგავას“ სტადიონზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლატვიის წინააღმდეგ ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრა გამართა. მატჩი ქართველი ფეხბურთელების სრული უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

ჩვენმა გუნდმა ანგარიში სწრაფი გოლით გახსნა, მე-8 წუთზე ჯაბა კანკავამ საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით გაიტანა.  გოლის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა აქტიური შეტევები განაგრძო და 29-ე წუთზე ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. გიორგი ჩაკვეტაძის გამოზომილი პასით მეკარესთან პირისპირ ვაკო გვილია დარჩა და შედეგიანი დარტყმა შეასრულა.

მეორე ტაიმში თამაშის სცენარი არ შეცვლილა და მატჩის მსვლელობას ჩვენი გუნდი აკონტროლებდა. 61-ე წუთზე, მოედნის ცენტრში გათამაშებული, დვალი-ყაზაიშვილი-აბურჯანიას, სამსვლიანი კომბინაციის შედეგად ბურთი გიორგი ჩაკვეტაძემ მიიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 

მოპოვებული გამარჯვებით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 12 ქულა დააგროვა და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მოიპოვა ერთა ლიგის D ზონის ნახევარფინალური ეტაპის საგზური. ჩვენი გუნდი ერთადერთია D ზონაში, რომელმაც ყველა შეხვედრა მოიგო. 

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ორ შეხვედრას მიმდინარე წლის ნოემბერში გამართავს. 15 ნოემბერს ვლადიმირ ვაისის გუნდი ანდორას ესტუმრება, 19 ნოემბერს კი, ეროვნული ნაკრები „დინამო არენაზე“ ყაზახეთს უმასპინძლებს.

დღევანდელ შეხვედრაში ჯაბა კანკავა პირველ ტაიმში მიღებული ტრავმის გამო, 34-ე წუთზე შეცვალეს. ჯერჯერობით უცნობია, რა პერიოდი ვერ დაეხმარება ფეხბურთელი საკუთარ გუნდს.

ლატვიისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა მატჩის დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა შეხვედრა შეაფასა: „ბედნიერი ადამიანი ვარ, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. რა თქმა უნდა, ეს ჯერ პირველი ნაბიჯია და სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს. მადლობა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, რომელმაც ნდობა გამოგვიცხადა და საქართველოს ნაკრებში მუშაობის შესაძლებლბოა მოგვცა. ჯგუფის მოგება ჩვენი მიზანი იყო და ეს შევასრულეთ, ევროპის ჩემპიონატზე თამაშის კარგი შანსი გვაქვს. წინ კიდევ ორი თამაშია და ქულების მოპოვებას შევეცდებით იმისთვის, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზე მეოთხე კალათაში ვიყოთ. ბედნიერი ვარ ფეხბურთელების გამო, ჩვენი ხელმძღვანელობით ეს საუკეთესო შეხვედრა იყო. მაღალი სათამაშო კლასი, მონდომება და სათამაშო დისციპლინა ვაჩვენეთ. ვულოცავ ყველა ქართველს, ყველა ფეხბურთელს და ყველას ვინც მხარდაჭერას გვიცხადებდა, მე დღეს ბედნიერი ადამიანი ვარ.

ყველას დიდი მადლობა ასეთი მხარდაჭრისთვის. ვფიქრობ, რომ ქართული ფეხბურთი ვითარდება, ქართველ ხალხს ფეხბურთი ძალიან უყვარს და დარწმუნებული ვარ, რომ ერთა ლიგის ბოლო შეხვედრაში, ყაზახეთის წინააღმდეგ სტადიონი გაივსება, ეს იქნება ერთგვარი დამშვიდობება ჯგუფურ ეტაპთან. ამას გარდა, არის თამაში ანდორასთან, სადაც ქულების მოპოვება გვსურს, რათა დასახული მიზანი შევასრულოთ. სამუშაო ახლა უფრო მეტი გვაქვს, ვნახოთ როგორ დასრულდება ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა.

ვფიქრობ, რომ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს და თუ ყველა ჩაკვეტაძის გზას გაივლის, მე როგორც მწვრთნელი ბედნიერი ვიქნები. ის შესაძლოა ქართული ფეხბურთის ნამდვილი ვარსკვლავი და ახალგაზარდა ფეხბურთელებისთვის მაგალითი გახდეს. მე სამი წელია საქართველოში ვმუშაობ და ამ დღიდან ვაკვირდები ამ ფეხბურთელს, შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი პროგრესი როგორიც ჩაკვეტაძემ განიცადა მე არასდროს მინახავს. კიდევ ერთხეულ ვულოცავ ყველა ქართველს, ეს იყო წინ გადადგმული პატარა ნაბიჯი .“

ლატვია 0:3 საქართველო

რიგა, „დაუგავა“

ლატვია: ვანინსი, მაკსიმენკო, დუბრა, ფერტოვსი (46’ისაიევსი), კარაშაუსკსი (70’ იკაუნიეკსი), ციგანკსი, რაკელსი, ტარასოვსი, იაგოდინსკისი, ჟულევსი, გუტკოვსკისი (70’ შაბალა)

სათადარიგო შემადგენლობა: იკსტენსი, შტეინბროსი, სოლოვიოვსი, კურაკინსი, რუგინსი, ლუკიანოვსი, სავალნიეკსი, ოშსი

მთავარი მწვრთნელი: მიქსუ პაატელაინენი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, კვეკვესკირი, კანკავა (34’ აბურჯანია), ყაზაიშვილი, ჩაკვეტაძე (89’ ზარანდია), მერებაშვილი (80’ ჯიღაური), გვილია, დვალი

სათადარიგო შემადგენლობა: კვასხვაძე, კუპატაძე, კვერკველია, კიტეიშვილი, ანანიძე, კაჭარავა, ტაბიძე, ჭანტურიშვილი, ნავალოვსკი

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

მსაჯები: პეტრ არდელეანუ (ჩეხეთი), ივო ნადვორნიკი (ჩეხეთი), იაკუბ ჰრაბოვსკი (ჩეხეთი), ზბინეკ პროსკე (ჩეხეთი), კარელ ჰრუბესი (ჩეხეთი), ტომაშ მოკრუში (ჩეხეთი)

გაფრთხილება: 46’ გუტკოვსკისი

გამოუყენებელი პენალტი: ყაზაიშვილი (5)

გოლები: 0:1 კანკავა (8), 0:2 გვილია (29), 0:3 ჩაკვეტაძე (61)

Share this article

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…