ქუთაისელი ფალავანი წლეულს 23 წლამდელებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, რაც ასაკობრივ ნაკრებებში მისი მეექვსე ტიტულია. მანამდე პატარიძე 2-ჯერ ჭაბუკებში, 3-ჯერ კი 20-წლამდელებში გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
ამავე ასაკის გოგოებში ანალოგიური აღიარება იაპონელ იუკაკო კავაის (62) ერგო, ვინც ასევე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 23-წლიანებში, ხოლო უფროსებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. ის უფროსებში მსოფლიოს სამგზის და ოლიმპურ ჩემპიონ რისაკო კავაის უმცროსი დაა.
20-წლამდელებში საუკეთესოებად რუსები გამოარჩიეს - ასევე ბერძნულ-რომაულად მოჭიდავე ალექსანდრ კომაროვი (82) და ხანუმ ვალიევა (68). ვალიევა წლეულს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 20-წლამდელებში, ხოლო 23-იანებში მსოფლიოზე მესამე იყო. კომაროვმა 20-წლიანებში ევროპის ჩემპიონატიც მოიგო და მსოფლიოსაიც, ხოლო უფროსებში "ჰარაპანდას თასზე" გაიმარჯვა ფინეთში.
ჭაბუკებში საუკეთესოებად აზერბაიჯანელი ამირჰასან ამირლი (48) და იაპონელი იუკა კაგამი (73) გამოარჩიეს. ამირლი ნომინანტთა შორის ერთადერთი თავისუფალი სტილით მოჭიდავეა, მის წლევანდელ ანგარიშზე კი მსოფლიოს ოქრო და ევროპის ბრინჯაოა. კაგამი აზიისა და მსოფლიოს მოქმედი გამარჯვებულია, მსოფლიოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში კი ბრინჯაო მოიპოვა.