გიო გამარჯობა, სანამ უშუალოდ შენს სპორტულ მიღწევებზე ვისაუბრებდეთ, ცოტა ოჯახზეც ვისაუბროთ...
მყავს უსაყვარლესი მეუღლე და შვილი, რომელსაც სულ ვენატრები, ჩემი სპორტული კარიერის გამო ხშირად ვერ ვახერხებ მის გვერდით ყოფნას, თუმცა, მალე დავამთავრებ სარაგბო კარიერას და მერე სრული ჩემი თავისუფალ დროს შვილსა და ოჯახს მივუძღვნი.
როგორც აღნიშნე მალე კარიერის დასრულებას აპირებ, რაც უდაოდ საწყენი იქნება გულშემატკივრისთვის, რომლებსაც დამაჯერებელი და შეუპოვარი თამაშით შეაყვარე თავი, რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება?
მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ 35 წლის ვიქნები. შეიძლება, კიდევ შევძლო 1 ან 2 წელი თამაში, მაგრამ მომდევნო მსოფლიო თასისთვის ვეღარ ვიქნები მზად, როგორც კი დავამთავრებთ 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, მომდევნოსთვის მზადება ეგრევე უნდა დავიწყოთ, ამიტომ აჯობებს ადგილი ახალგაზრდა პერსპექტიულ მორაგბეებს დავუთმო, ნაკრებისთვის ასე აჯობებს.
ამჟამად სად თამაშობ და რამდენი წელია რაც უცხოეთში ასპარეზობ?
ამჟამად უელსში ვთამაშობ. მანამდე 9 წელი ვითამაშე საფრანგეთში, 2 წელი კი ინგლისში. ბოლო წელია რაც უელსურ ,,ოსპრეიში“ ვასპარეზობ.
საინტერესოა როგორ შედგა შენი პირველი ტრანსფერი და როგორ გახდი „ლეგიონერი“?
ქართველი მორაგბისთვის იმ პერიოდში მთავარი მოტივაცია ლეგიონერობა იყო, თუ თავს გამოიჩენდი საქართველოს ჩემპიონატში, შესაძლებელი ხდებოდა რომ წასულიყავი საფრანგეთში. ამისთვის ბევრი ვიშრომე. მაშინ გამოცდილი მორაგბეები დამეხმარენ. ყველაზე მეტად გვერდში ილია ზედგინიძე, მახო ურჯუკაშვილი და ალექსანდრე მარგველაშვილი დამიდგნენ.
როდის დაიწყე სპორტული კარიერა, სანამ რაგბით დაინტერესდებოდი, სხვა სახეობებშიც ხომ არ გიცდია ბედი?
ბავშვობაში ვჭიდაობდი, მერე იყო ფეხბურთიც, ცოტა ხანი ბოქსიც და ბოლოს ხელბურთს ვთამაშობდი საკმაოდ დიდი ხანი. ეს გუნდი ფინანსების უქონლობის გამო დაიშალა და გარკვეული ხანი, ასე ვთქვათ არაფერს ვაკეთებდი. ჩემი ძმა დადიოდა რაგბზე და შემომთავაზა, - ცადე, კარგი სპორტია, იქნებ მოგეწონოს... 2000 წელს დავიწყე რაგბის თამაში და დღემდე ასე გრძელდება.
გიო გაიხსენე რაგბში შენი პირველი ნაბიჯები?
დიმა ფულარიასთან მივედი პირველად, იქ დაიწყო ჩემი რაგბთან კავშირი, მერე იყო საკმაოდ მძიმე მუხლის ტრამვა, მაგრამ არ დავნებდი, ბევრი ვიშრომე და მოვახერხე ისეთ პირობებში ძალების აღდგენა და დაბრუნება, რაც მაშინ ფაქტობრივად წარმოუდგენი გახლდათ. იმის რისკიც იყო რომ, სპორტული კარიერა ვერ გამეგრძელებინა, მაგრამ ბრძოლამ და შრომამ შედეგი გამოიღო. თამაშის გაგრძელება შევძელი...
რომელ ამპლუაში დაიწყე თამაში, რა პოზიციაზე გიასპარეზია და დღეს რა ამპლუაში გიწევს თამაში კლუბშსა და ნაკრებში?
თამაში 8 ნომრის პოზიციაზე დავიწყე, რაც ჩემი აზრით ერთ ერთი ყველაზე საინტერესო პოზიცია არის რაგბში. მერე იყო 6 და 7 ნომერებზეც ხშირად ვთამაშობდი, იყო გუნდები სადაც მეორე ხაზში მხოლოდ 4 და 5 ნომერზე მათამაშებდენ, მაგრამ რეალურად რო ვთქვათ უნივერსალიური მოთამაშე ვარ. შერკინებაში პირველი ხაზის გარდა ყველა პოზიციაზე შემიძლია თამაში. ოსპრეიში 6 და 4 ნომერზე მათამაშებენ ძირითადად.
რას იტყვი ქუთაისის სარაგბო ტრადიციებზე?
ქუთაისი დიდი სარაგბი ტრადიციების ქალაქია, ყოველთვის ცდილობს ლამაზი და სანახაობრივი რაგბი ითამაშოს. მიუხედავად იმისა რომ, დიდი 10-ს ბოლო წრეში, (14.04.2019) წავაგეთ არმაზთან, ამ თამაშში ძალიან ლამაზი რაგბი აჩვენეს ბიჭებმა, რაც შეეხება ძველ ტიტულებს, რომელიც მრავლად ქონდა ქუთაისურ კლუბს, ამაზე საუბარს აზრი აღარ აქვს, ტიტულებში ცოტა წყვეტაც კი გვაქვს, მაგრამ, იმედია ყველაფერი მალე კარგად იქნება და ამდენი შრომა შედეგს გამოიღებს.
კლუბ "აია" -ზე რას გვეტყვი?
აია ჩემი კლუბი არის, სადაც გავიზარდე და განსაკუთრებული გრძნობები მაკავშირებს ამ გუნდთან. არასდროს არ ვნერვიულობ ისე როგორც აიას თამაშს ყურებისას, როცა კარიერას დავამთავრებ, აუცილებლად ვეცდები ჩემი გამოცდილება გავუზიარო და დავეხმარო კლუბს განვითარებაში.
ვინ იყო შენთვის მისაბაძი ქუთაისელი მორაგბე?
როცა თამაში დავიწყე მაშინ ნაკრებში ერთდროულად ,,აიას“ რამოდენიმე მოთამაშე თამაშობდა - ბესიკ ხამაშურიძე, აქვსენტი გიორგაძე, ირაკლი გიორგაძე ავთანდილ კოპალიანი, დავით დადუნაშვილი, ალექსანდრე მარგველაშვილი... ამ ხალხის მაგალითზე ვიზრდებოდი. მინდოდა რომ მათთან ერთად მეთამაშა ნაკრებში. დრო გავიდა და ზოგის თანაგუნდელიც კი გავხდი საკლუბო დონეზე და ნაკრებშიც ერთად ვთამაშობდით.
როგორია "შენი ქუთაისი"?
ჩემი ქუთაისი ძალიან მაგარია, ჩემი ოჯახი და ჩემი მეგობრების გარემოცვა ერთად დროის გატარება. ეს ქალაქი ძალიან მიყვარს, ამ ქალაქისადმი სიყვარულს და პატივისცემას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ეს ყველაზე რთული კითხვა არის რაც შ დამისვი, რადგანაც, სიტყვებით ვერასდროს გადმოვცემ ამ გრძნობას.
რას ეტყვი ქართველ გულშემატკივარს?
გულშემატკივარს ვეტყვი რომ მოვიდნენ სტადიონზე, ჩვენი გამარჯვების მთავარი მიზანი და ხალისი თქვენ ხართ. ყოველთვის ვგრძნობთ თქვენს გვერდით დგომას და ერთად ჩვენ კიდევ ბევრს მივაღწევთ.
რამოდენიმე თამაში ნაკრებში მოგიწია კაპიტნობა და ამ სტატუსით მოედანზე გასვლა რა გრძნობაა?
რა თქმა უნდა კაპიტნობა არის ძალიან ამაღელვებელი გრძნობა, დიდი პატივი იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანობა, მაგრამ, პირველ რიგში, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რომლის ტარებაც ადვილი არ არის, ამიტომ ამისთვის დიდი მზადყოფნა არის საჭირო.
დღეს საკმაოდ გამოცდილი და მნიშვნელოვანი ძალა ხარ საქართველოს ნაკრებისთვის, ცოტა დარჩა ცენტურიონი (ასი სარაგბო კეპის მფლობელი) რომ გახდე, რას ეტყვი ახალ თაობას, რა რჩევას მისცემ ქართველ გულშემატკივართან ურთიერთობაში და მოედანზე გუნდურად თამაშის შესახებ?
100 რთული იქნება და მიზანი ეგ არასდროს ყოფილა, ახლგაზრდებს ყოველთვის იგივეს გავუმეორებ რომ, შრომას მონდომებას და მიზანდასახულობას ყოველთვის მოსდევს შედეგი. არასდროს უნდა იფიქრო მოედანზე გასულმა - „მე“, ყოველთვის - „ჩვენ“ უნდა იფიქრო. ეს არის რაგბის მთავარი არსი ჩემი აზრით. როცა იფიქრებ „ჩვენ“ მაშინ ყველაფერი უკეთ იქნება.
ქართველი გულშემატკივრისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თამაში, ქართული რაგბის ისტორიაში არის, საქართველო და რუსეთის დაპირისპირება, შენი დამოკიდებულება ამ შეხვედრებზე (ეს ის მომენტია როცა პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთს ძალიან უახლოვდება)
რუსეთთან თამაშს სპორტულად რომ შევხედოთ, ეს ჩვენთვის ერთერთი როგითი თამაშია, მაგრამ ამ თამაშს განსაკუთრებულ დატვირთვას ის აძლევს რაც ხდება ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში. პოლიტიკა ჩვენგან შორს არის, მაგრამ ჩვენზე მოქმედებს ჩვენი გულშემატკივარის დამოკიდებულება თამაშის მიმართ. როგორც ზემოთ აღვნიშნე მთავარი ჩვენი გულშემატკივრები არიან.
2019 წელი მნიშვნელოვანი წელია ქართული რაგბისთვის, მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან პრინციპული თამაშები გველის, რას იტყვი ამ საკითხთან დაკავშირებით?
დიდი წელი მოდის, ვიწყებთ მოსამზადებელს მსოფლიოს თასისთვის. რთული ჯგუფი შეგვხვდა. რეალურად რომ შევხედოთ ჩვენი პროგრამა მინიმუმი არის გავიმეოროთ წინა მსოფლიო თასზე დაფიქსირებული შედეგი, მოვიგოთ ორი თამაში, მაგრამ, მიუხედავად ამისა გვინდა სენსაცია მოვახდინოთ და ამისთვის ვემზადებით. ვნახოთ რა იქნება, მთავარია გვჯეროდეს ჩვენი შესაძლებლობების.
ექვსი ერის თასთან დაკავშირებით შენი პოზიცია როგორია?
როგორც ვთქვი უელსში ვთამაშობ, როდესაც ინგლისი უელსი თამაშობდა 75 000 კაცი ეტევა პრინსიპალიტი სტადიონზე, ყველაზე იაფი ბილეთი 80 ფუნტი ღირდა და წარმოიდგინეთ რა თანხაზეა საუბარი. ამით იმის თქმა მინდა რომ, ეს ჩემპიონატი არის ფინანსურად ძალიან წარმატებული და მომგებიანი, ასე რომ აქ გრძნობებით და მხოლოდ ამბიციებით ვერაფერს გავხდებით. ვერ ვიტყვი რა შეიძლება მოხდეს რომ აქ მიგვიღონ, ალბათ მსოფლიოზე „ექვსი ერის“ გუნდებს უნდა მოვუგოთ, მაგრამ, დარწმუნებული არ ვარ რომ, ესეც საკმარისი იქნება.
მსოფლიომდე ტესტმატჩების თამაში გიწევთ და თითოეულ მატჩზე ვისაუბროთ, რომელ გუნდს რა ნაწილში ვჯობივართ?
სამი ტესტ მატჩი გვაქვს, რუსებთან და შოტლანდიელებთან - შინ და გარეთ, რუსებს ყველა პოზიციაზე ვჯობივართ, შოტლანდია კიდე როგორი კარგი გუნდიც არის ვიცით. ერთპიროვნულად შერკინებით ვჯობივართ, მაგრამ ვეცდებით ეს ყველაფერი გავათანაბდროთ და ერთობლივად შევუტიოთ როგორც ხაზით ასე შერკინებით.
გიო მადლობა ღია და გულწრფელი საუბრისთვის, მინდა წარმატებები და ჯანმრთელობა გისურვო, აქტიური სპოტი მიღწეული მიზნებით დაგესრულებინოს.