დღეს საქართველო ანდორას დაუპირისპირდება

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩს ანდორას წინააღმდეგ დინამო არენაზე 13 ოქტომბერს ჩაატარებს.

შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე ანდორელებმა ერთადერთი ვარჯიში დღეს გამართეს. საქართველოს ნაკრების საწვრთნელი პროცესი კვლავ ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე შედგა. ორივე ნაკრების მთავარმა მწვრთნელებმა დღევანდელ ვარჯიშამდე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს, დინამო არენას საკონფერენციო დარბაზში უპასუხეს. ვლადიმირ ვაისთან ერთად პრესკონფერენციას ეროვნული ნაკრების წევრი ოთარ კიტეიშვილიც ესწრებოდა.

ვლადიმირ ვაისი:

„სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი თამაშისთვის ვემზადებით. საწყის ტურებში მოპოვებული 6 ქულა ძალიან კარგია, თუმცა უნდა გავაგრძელოთ წარმატებული ასპარეზობა. ახლა ყველაფერი ჩვენს ხელშია. ანდორა კარგად ორგანიზებული გუნდია და უკვე 5 თამაშია, არ დამარცხებულა. რა თქმა უნდა, ფავორიტები ვართ და 3 ქულის მოპოვება გვსურს.

ანდორა დაცვაში კარგად თამაშობს. ჩემი აზრით, მათი საუკეთესო მოთამაშე მთავარი მწვრთნელია, რომელიც ზუსტად იყენებს გუნდში არსებულ რესურსს. სწორედ ამიტომ, ბოლო პერიოდში ისინი კარგად ასპარეზობენ, დაამარცხეს უნგრეთის ნაკრები და რამდენიმე შეხვედრაში ფრე დაფიქსირდა. აქედან გამომდინარე, ანდორა თბილისში სასეირნოდ არ ჩამოვიდოდა. ჩვენ, მთელი კვირის განმავლობაში, ზუსტად ასეთი თამაშისთვის ვემზადებოდით.

რაც შეეხება ჩვენს შეტევას - ქვილითაია ტრავმირებულია, ასევე ვერ გვეხმარება მჭედლიძე, ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე მხოლოდ ნიკა კაჭარავაა და ვაკო ყაზაიშვილს განვიხილავ, თუმცა, ჩემი აზრით, შეტევის ხაზში მყოფი მოთამაშეების რაოდენობა არ არის მთავარი. მთავარია, რამდენად კარგად ერთვებიან შეტევაში ასევე სხვა პოზიციის ფეხბურთელები.

ჯანო ანანიძე, ამ ეტაპისთვის, ტრავმის შემდეგ, 90 წუთის სათამაშოდ მზად არ არის, თუმცა უკვე რამდენიმე კვირაა, ის კლუბში ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობს და რუსეთის თასზეც ითამაშა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ის ფიზიკურად მზად არის, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა ამ ეტაპზე ნაკლები აქვს. ბედნიერი ვიქნები თუ გუნდი ისეთ თამაშს აჩვენებს, რომ ჯანომ მეორე ტაიმში შეძლოს თამაშში ჩართვა. ეს ყველაფერი შედეგზეა დამოკიდებული, თუმცა, არავინ იცის, შესაძლოა მატჩის ბედი მისმა ჭკვიანურმა თამაშმაც გადაწყვიტოს.

რა თქმა უნდა, მეტოქეს, რომელიც თავს კარგად იცავს, პატივს ვცემ, მაგრამ ვთვლი, რომ ჩვენ უფრო მაღალი კლასის მოთამაშეები გვყავს. 3 ქულისთვის ვიბრძვით და სწრაფი გოლის გატანა გვსურს, რათა გულშემატკივარი გავახაროთ. გულშემატკივარი ჩვენთვის დიდი ძალაა, ეს წინა შეხვედრაშიც დადასტურდა. ლატვიის წინააღმდეგ სტადიონი სავსე იყო და ამან დიდი მოტივაცია მოგვცა."

ოთარ კიტეიშვილი:

„ერთა ლიგაზე კარგი სტარტი გვაქვს - 2 თამაშში 6 ქულა ავიღეთ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ საქმე ბოლომდეა მისაყვანი. ამ შემთხვევაში, ჩვენისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ანდორას წინააღმდეგ გასამართი მატჩი და 3 ქულის მოპოვებაა. გუნდში კარგი განწყობაა, სრული დატვირთვით ვემზადებით, თითოეულ ფეხბურთელს გათვიცნობიერებული აქვს თავის წილი პასუხისმგებლობა და გამარჯვებისთვის მზადაა.“

საწვრთნელი პროცესის დასრულების შემდეგ მომავალი მატჩის შესახებ გურამ კაშიამ ისაუბრა:

„ანდორა ის გუნდია, რომელთანაც აუცილებლად უნდა მოვიგოთ და ჩვენ მხოლოდ ამისთვის ვემზადებით. საკმაოდ კარგი შეკრება გამოვიდა, სამწუხაროდ, უახლოეს თამაშებში ლევან მჭედლიძე ვერ დაგვეხმარება, მაგრამ ჩვენ რამდენიმე ვარიანტი დავამუშავეთ და იმედი მაქვს ამ პრობლემას აღმოვფხვრით. ერთა ლიგის საწყის ტურებში მოპოვებული გამარჯვებები გულშემატკივარს ძალიან სჭირდებოდა, ყველას იმედი გაუჩნდა. დღევანდელი მდგომარეობით, პირველ ადგილზე ვართ და უდავო ფავორიტებად ვითვლებით. ქართველი გულშემატკივრის ფაქტორი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა მოთამშეებისთვის. თითოეულ ჩვენგანს მათი მხარდაჭერა ძალიან სჭირდება და იმედი მაქვს, რომ ანდორას წინააღმდეგ მატჩზეც მრავლად მოვლენ.“

Share this article

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…