ამ გვერდის ამობედვა
ძლიერ ქარში აზაცკის და კაპანაძის გოლებით

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონს მიმდინარე რეაბილიტაციის გამო დღეს  ,,ტორპედომ“ ,,რუსთავს“ სამტრედიაში ,,ეროსი მანგალაძეზე“ უმასპინძლა. ძლიერი ქარის თანხლებით გამართული შეხვედრა ქუთაისელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

 

 ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ კახა ჩხეტიანის გუნდს, სატურნირო მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაციაც მართებდა. უკანდასახევი გზა რუსთაველებსაც მოჭრილ ჰქონდათ, რომლებიც მეხუთე ტურს აუტსეიდერის რანგში ხვდებოდნენ. 

თუ არ ჩავთლით თენგიზ წიქარიძის არყოფნას, მასპინძლის რანგში მოთამაშე ქუთაისურმა გუნდმა სრული საბრძოლო შემადგენლობით ითამაშა, თუმცა წინა მატჩებისგან განსხვავებით ,,ტორპედოს“ ძირითად შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იყო. ცენტრფორვარდად ბუდუ ზივზივაძის ნაცვლად სასტარტოში თორნიკე კაპანაძე ვიხილეთ, სათადარიგო სკამზე აღმოჩნდა ნიკოლა სტიეპოვიჩი,  მარცხენა მცველის პოზიციაზე გიორგი ქიმაძემ ითამაშა. ძირითადში დაიწყო შეხვედრა რიჩარდ ლუკამ, ბრაზილელი მარცხენა ფლანგიდან უტევდა მეტოქის კარს.

მცირეოდენი ცვლილებები იყო რუსთაველთა რიგებში. სტუმრებს ბექა ქავთარაძე და დავით კვირკველია ვერ ეხმარებოდნენ. სანაცვლოდ, ქვემოქართლელებმა ცოტა ხნის წინ 24 წლის რუსი ნახევარმცველი ფარხად გისტაროვი დაიმატეს, რომელიც დღეს ძირითად შემადგენობაში იყო...

რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, როგორც მოსალოდნელი იყო, მოგებას მოწყურებული ,,ტორპედო“ საწყისი წუთებიდანვე შეეცადა მეტოქე წნეხის ქვეშ მოექცია, ძლიერი ქარი მათ შეტევებს აფერხებდა, მაგრამ ქუთაისელები რამდენჯერმე დაემუქრნენ სტუმართა კარს. რუსთაველთა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ჯერ ნოდარ ქავთარაძის სახიფათო დარტყმა მოიგერია, შემდეგ კი გიგაურის შორეულ გასროლილ ბურთსაც გადაეღობა. რამდენჯერმე ტექნიკური თამაშით გამოირჩა რიჩარდ ლუკა. ქუთაისელთა აქტიურობამ შედეგი პირველ ტაიმშივე გამოიღო, კარგად ითამაშა სტუმართა საჯარიმოში მამუკა კობახიძე, რომელმაც გამოცდილი ფორვარდივით ითამაშა, მცველებს თავბრუ დაახვია და რთული სიტუაციიდან კარშიც დაარტყა, მამარდაშვილმა ბურთი უკუაგდო, მაგრამ იქვე ალექსანდრე აზაცკი გაჩნდა და ახლო მანძილიდან თავური დარტყმით ,,ტორპედო“ დააწინაურა.

რუსთაველებმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს, მაგრამ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მისულა. ქუთაისელებმა კი ამასობაში უპირატესობა ორამდე გაზარდეს, ნოდარ ქავთარაძის კარგი თამაშისა და ზუსტი პასის შემდეგ თორნიკე კაპანაძემ დაბალი დარტყმით ორამდე გაზარდა ანგარიში.

,,ტორპედოს“ დიდი ანგარიშითაც შეეძლო მოგება, კაპანაძის ნაცვლად მოედანზე შესულ ბუდუ ზივზივაძეს ზედიზედ სამი ხელსაყრელი მომენტი შეექმნა, პირველი დარტყმა მამარდაშვილმა მოიგერია, დანარჩენი ორი კი სამიზნეს ასცდა. კარგი მომენტი ჰქონდა ასევე შეცვლაზე შესულ ამბროსი ჩაჩუასაც, რომლის დარტყმასაც მამარდაშვილი გადაეღობა.

საბოლოოდ, კახა ჩხეტიანის გუნდმა საკმაოდ იოლად გაიმარჯვა და კვლავ ლიდერთა შორის გადაინაცვლა.

 

ტორპედო–რუსთავი 2:0

31.03.2019. სატრედია ,,ეროსი მანჯგალაძე“

1:0 აზაცკი (29), 2:0 კაპანაძე (57.ნოდარ ქავთარაძის პასით)

ტორპედო (4–5–1): კვასხვაძე – გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, ქიმაძე – დოლიძე, გიგაური (88.ჭიჭინაძე), ცინცაძე. ქავთარაძე, ლუკა (54.ჩაჩუა) – კაპანაძე (70.ზივზივაძე)

სათადარიგოები: ქვილითაია, ტაბატაძე, ნებიერიძე, სტიეპოვიჩი

მთავარი მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

 

რუსთავი (4–2–3–1): მამარდაშვილი – კაპანაძე (46.ქოჩლაძე), გადრანი, ჯაფიაშვილი (79.ჩოგაძე), ტაკულოვი – გისტაროვი, ფონიავა (70.გუჯაბიძე) – სილაგაძე, ციცქიშვილი, ყიფიანი – იმნაძე

სათადარიგოები: კულუა, კიტეიშვილი, ზვიადაძე, ნარიმანიძე

მთავარი მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია

არბიტრი: არსენ ნონიკაშვილი

Share this article

ავტორის შესახებ

დავით კოხრეიძე

ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…